27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია - იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას ეხმაურება

"მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ"- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ევროსასამართლოს შეფასებით, საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა სამართლიანი სასამართლოს უფლების და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაღვევის შესახებ. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 ათას 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას, 376-ი ათას ლარს და ასევე მორალური ზიანისთვის 150 ათას ევროს ითხოვდა.

დღეს მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას და გადაწყვეტილების პირადად გაცნობას აპირებს დავით ჯანდიერი, რომელიც სტრასბურგში გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა. მან დღეს დავით ჯანდიერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ნათქვამი იყო, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მსჯავრდებული დეკანოზისთვის, ოჯახისთვის და მისი როგორც ინტერესების დამცველისთვის, არის გამარჯვება.

განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც, უწყებაში ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ განაჩენი, რომელიც დეკანოზთან დაკავშირებით გამოიტანა საქართველოს სასამართლომ, არის კანონიერი.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დავობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების ("ნატრიუმის ციანიდის") მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა ("ნატრიუმის ციანიდის") და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების "ჩადება", როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა,"- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის უწყებაში ასევე გამოეხმაურნენ იმ დარღვევებსაც, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის პროცედურული დარღვევები.

"საუბარი იყო 2 დამატებით პროცედურულ მოთხოვნაზე, კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაძლო დარღვევაზე და სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით პრეტენზიებზე. ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციების დარღვევა დაინახა უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში, რადგან მიიჩნია, რომ ერთობლიობაში ცალკეული საჯარო განცხადებები და პროკურატურის მხრიდან გამოქვეყნებული საქმის მასალების ნაწილი არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, იმ დროს როდესაც დაცვის მხარეს ჰქონდა გაუთქმელობის ვალდებულება, ხოლო საჯარო სხდომებთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ შიდასასამართლოებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მთლიანად სხდომის დახურვა და რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება.

მთლიანობაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, განაჩენი არის კანონიერი. მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ რჩება," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები