27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ფიგურირებს თუ არა ე.წ. ქურდული სამყაროს მიერ დავების მოგვარებაში კრიმინალური ავტორიტეტი ლავასოღლი და რას ამბობს ბრალთან დაკავშირებით ადვოკატი 

პოლიციამ თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა. ამასთან, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ 2 პირს. 

უფლებადამცველი ზაზა მიქატაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში ლავასოღლი არ ფიგურირებს. 

"ამ საქმეში ლავასოღლი არ ფიგურირებს. თვითონ ამბობს, რომ მე წელიწადნახევარია მოვიხადე ჩემი სასჯელი. 1 წლის განმავლობაში საერთოდ არავისთან კავშირი არ მაქვს, მინდოდა დამეწყო წესიერი, პატიოსანი ცხოვრება, შევქმენი ოჯახი და მყავს შვილები. ლავასოღლიმ საერთოდ უარყო დანაშაული,"-აცხადებს ადვოკატი ზაზა მიქატაძე.

ბრალთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამ. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, კრიმინალური ავტორიტეტები ქონებრივ დავებსა თუ კონფლიქტებს აგვარებდნენ, რითაც  ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობას.

"ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით, ერთვებოდნენ სხვადასხვა პირებს შორის წარმოშობილი კონფლიქტებისა თუ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში, რითაც ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი "კანონიერი ქურდი" ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, რომელთა მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, დაზარალებულს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდა,"-აცხადებს სოსო სალთხუციშვილი.

დღის ამბები