27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყო მისი ძარცვა - ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადა, რომ როდესაც გვარამიამ გაიგო, რომ ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, "მისი ძარცვა დაიწყო".

კობახიძემ ისიც განმარტა, თუ რატომ არ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა:

"არ შეგვიძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. შეფასებას გავაკეთებ, როგორც იურისტი – გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, ასევე იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა. ეს წინასწარ იცოდა, რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისეს "რუსთავი 2". ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე. ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს. გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს.

მან სამი სიტყვა გამოიყენა. გაგახსენებთ პირველს, ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს, ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, არ გავიხსენებ. ამის შემდეგ როცა ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს უნდა დავუშვათ. მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება გამოხატული პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, გამოირიცხება შეწყალება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები