27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო: განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება, მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, "მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის "მომზადების" მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.

კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე "მკვლელობის მომზადებასთან" დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა," - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო კლინიკის დირექტორი. საქმე ეხება ბატონ მამალაძის წინააღმდეგ 2017 წელს ბერლინში ყოფნისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს. ის იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებულ პატრიარქს ახლდა. ბატონი მამალაძე საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ "მკვლელობის მომზადებაში". ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-2 პუნქტის (უდანაშაულობის პრეზუმფცია) საფუძველზე, ბატონი მამალაძე ჩივის, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო საკვანძო მტკიცებულებასთან - ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში აღმოჩენილ ციანიდთან დაკავშირებით და რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი სასამართლო პროცესის საზოგადოებისთვის დახურვასთან დაკავშირებით არ იყო აუცილებელი და რომ საჯარო მოხელეების განცხადებები, გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელება ხელს უწყობდა დამნაშავედ მის წარმოჩენას.

დღის ამბები