ინფლაციის შესახებ საქსტატი მორიგ მონაცემებს აქვეყნებს - 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა და სექტემბრის თვესთან შედარებით ინფლაციის წლიური დონე 0.9%-ით შემცირდა.
ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში შემცირდა ტრანსპორტისა და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი. წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაციის რეკორდული, ორნიშნა მაჩვენებელი - 10.7% დაფიქსირდა, მათ შორის სურსათზე ფასების ზრდა 13.1%-ს, ხოლო ენერგოპროდუქტებზე 41.9%-ს გაუტოლდა.
2022 წლის სექტემბერში თურქეთში ინფლაცია 83.5% იყო, რუსეთში 13.7%, უკრაინაში 24.6%, სომხეთში 9.9%, აზერბაიჯანში 13.4%, ბელარუსში 17.4% და მოლდოვაში - 34.0%.
"ეს ტენდენცია გაგრძელდება. ინფლაცია კლებას შემდეგ პერიოდშიც განაგრძობს და თანდათან მიუახლოვდება მიზნობრივ ნიშნულს. სამწუხაროა ის, რომ საქართველო ვერ არის გამონაკლისი იმ გლობალური ტენდენციიდან, რასაც მსოფლიო ინფლაცია ჰქვია, მაგრამ მაღალი ეკონომიკური ზრდით და სწორი ნაბიჯებით, რომელსაც დგამს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, თანდათანობით მიიღწევა, რომ დასტერილურდება ინფლაციის მაჩვენებელი, დაიწყებს შემცირებას და მიუახლოვდება თანდათან მიზნობრივ ნიშნულს. მომავალი წლისათვის ის პრობლემები ნამდვილად არ უნდა გვქონდეს რა პრობლემებიც წელს სამწუხაროდ არის საქართველოსა და მსოფლიოში," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.