რუსულმა შანტაჟმა არ იმუშავა, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისს დაუთმო და რუსეთის ამ კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
როგორც უკრაინის პირველი პირი ამბობს, ყოველ ჯერზე, როცა რუსული შანტაჟი ძლიერდება, სურსათზე ფასები იზრდება. ყოველთვის, როცა მსოფლიო შანტაჟს არ ნებდება, საკვები იაფდება.
"დღეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური შედეგი ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის გვაქვს - მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს, რუსულმა შანტაჟმა არ იმუშავა. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. დილით რუსულმა თვითმფრინავმა საკრუიზო რაკეტები ზმეინოეს მახლობლად გაუშვა. ყოველი ასეთი რუსული გაშვება, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის სურსათის ექსპორტს. პარტნიორების პასუხისმგებლობაა ერთობლივად იმუშაონ რუსული საფრთხის შესამცირებლად. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული "სპეციალური ოპერაციის" რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს ცვლილებები საოცარია, რადგან აჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ისე ჩვენს სიძლიერეს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.