27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას მხარი 84 -მა დეპუტატმა დაუჭირა - რა შენიშვნები აქვს კანონპროექტთან ოპოზიციას

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს. უწყებამ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას უნდა გაუწიოს ზედამხედველობა და მისი ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრაში კი კანონმდებლები პირველად ჩაერთვებიან. პროექტი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას ემსახურება.

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. მომხსენებელმა დღეს იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ აირჩევენ ბიუროს უფროსს. კანდიდატურებს ღია კონკურსს საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. პროცესში ჩართული იქნება სახალხო დამცველიც. პრემიერი ანტიკორუფციული ბიუროს უფროს 6 წლის ვადით დანიშნავს. ყოველწლიურ ანგარიშს კი საკანონმდებლო ორგანოს ჩააბარებს.

ოპოზიციონერებმა ინიციატივა "ქართული ოცნების" დეპუტატებს სხდომაზევე დაუწუნეს. მათი განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ უპასუხებს ვერც ქვეყნის გამოწვევებს, და ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მოთხოვნებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ისიც მიუღებელია, რომ ხელმძღვანელს საბოლოოდ პრემიერი დანიშნავს. დღეს ეს საკითხი დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებების თემადაც იქცა და ერთმანეთს პოლიტიკური წარსულიც გაუხსნეს. მომხსენებელმა მათ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ბიუროს არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, ვინაიდან ეს ევროპის რეკომენდაციის მოთხოვნაში არ შედიოდა.

არის თუ არა ქვეყანაში კორუფცია? - ოპოზიციონერი დეპუტატის ამ შეკითხვას ანრი ოხანაშვილმა საერთაშორისო რეიტინგებითა და კვლევებით უპასუხა.

პარლამენტმა დღეს ასევე პირველის მოსმენით დაამტკიცა 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს უკავშირდება. კენჭისყრამდე კანონპროექტს დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილავდნენ.

კანონპროექტების ძალაში შესვლამდე დეპუტატები მათზე კიდევ ორი მოსმენით იმსჯელებენ.

დღის ამბები