27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
კიევში, უკვე ორი დღეა მოსახლეობა სასმელი წყლის რიგში დგას - ბოლო ცნობები უკრაინიდან

კიევში უკვე ორი დღეა მოსახლეობა სასმელი წყლის რიგში დგას. ოფიციალური ინფორმაციით, 3 მილიონიან ქალაქში წყლის გარეშე მაცხოვრებლების 80%-ია დარჩენილი.

ეს შედეგი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საოკუპაციო ძალის თავდასხმას მოჰყვა. ორი დღის წინ, რუსულმა არმიამ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში განახორციელა. წყალთან ერთად პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხითაც. მხოლოდ კიევში დენის გარეშე 350 000-მდე აბონენტია დარჩენილი.

დონეცკში, 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, საოკუპაციო ძალამ აკრძალული, ფოსფორის ბომბები გამოიყენა. უკვე დადასტურებულია ასევე აკრძალული კასეტური ბომბების აფეთქება ნიკოლაევის ოლქში, რასაც 5 საცხოვრებელი სახლის ნგრევა მოჰყვა.

აგრესორმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლა სუმის ოლქის მიმართულებით. აქ ცეცხლი რეგიონის 6 დასახლებას გაუხსნეს. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალამ 25-ზე მეტი დასახლება დაბომბა, განახორციელა 7 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა. რუსულმა არმიამ ასევე მინიმუმ 90-ჯერ გამოიყენა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოგერიებულია რუსული არმიის 12 შეტევა. დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით ლიკვიდირებულია 800-მდე ოკუპანტი, განადგურებულია 16 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 23 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ვერტმფრენი. ეს უკანასკნელი საფრენი აპარატი უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, მინსკის საკუთრებაა, რომელიც "ვაგნერის" დაჯგუფებამ იქირავა. ამას მოწმობს ვერტმფრენზე ბელარუსის სახელმწიფო დროშა, რომელიც საგანგებოდ გადაღებეს.

დღის ამბები