27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - სასჯელის შთანთქმის პრინციპით პატიმრობის ვადა 3 წლით და 6 თვით განისაზღვრა

"რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე, ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადა სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ცვლილება მხოლოდ 1 საბრალდებო ეპიზოდში შეიტანა - 50 ათას ლარიანი ჯარიმა, რომელიც "მთავარი არხის" დამფუძნებელს პატიმრობის პარალელურად 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული, ამ შემთხვევაშიც პატიმრობით შეიცვალა და სასჯელის ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე, ავტომობილის ეპიზოდზე კი სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას იგივე სასჯელი დაუტოვა. შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, მთავარი არხის დამფუძნებელს საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით 3 წლითა და 6 თვით მოუწევს.

მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილთან დაკავშირებითაც. სამივე პირთან მიმართებით, მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე. ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ელოდებოდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტები, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მალევე გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი. მეტიც, გადაწყვეტილებაზე ნაციონალურმა მოძრაობამ სპეციალური ბრიფინგიც ჩაატარა. ოპოზიცია ახლა ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ. განცხადებების პარალელურად, დღეს სააპელაციო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობა ჰქონდა გედევან ფოფხაძეს, თუმცა მისი სურვილის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებიდან მალევე ეზო დაცარიელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება ამერიკის საელჩოც, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

საელჩოს ეს განცხადება ბუნდოვანია ქართული ოცნებისთვის და მმართველი პარტია საკითხზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს. სახელისუფლებო გუნდი დღეს შეწყალების მოთხოვნასაც გამოეხმაურა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მაისში, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიუსაჯა. გვარამიასთან ერთად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავდა კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეებსაც. სააპელაციო სასამართლომ დღეს ამ ორი პირის შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, იაშვილი კი უდანაშაულოდ ცნეს.

დღის ამბები