27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
17 თამაში, 8 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემა  - 21 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიელი ტიფოზებისთვის "ნაპოლის" სიმბოლოდ იქცა

17 თამაში, 8 გატანილი გოლი და რვა საგოლე გადაცემა, ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიელი ტიფოზებისთვის "ნაპოლის" სიმბოლოდ იქცა.

ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მას ვრცელი სტატია ტელეკომპანია CNN-მა მიუძღვნა. კვარაცხელია გამორჩეული იყო "უეფას ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლივერპულის წინააღმდეგ. "ენფილდზე" ნეაპოლიტანელებმა მისი გადაცემით გოლიც გაიტანეს, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

ქართველმა ფეხბურთელმა მერსისაიდელი გულშემატკივრების პატივისცემაც დაიმსახურა, მან "ლივერპულის" ლოგოს ფეხი არ დააბიჯა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ფეხბურთის ლეგენდებმა მაიკლ ოუვენმა და ოუვენ ჰარგრივზმა შეაფასეს.

ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად "ნაპოლის" შთამბეჭდავი თამაშის მთავარი შემოქმედი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი 9 სხვადასხვა გუნდს წვრთნიდა, მათ შორის "რომა" და მილანის "ინტერი".

ფეხბურთის გარდა 63 წლის სპალეტი მეღვინეობით და ფერმერობით არის გატაცებული. მისი მეღვინეობა "ლა რიმესსა" ტოსკანაში, მონტაიონეს მთებზე მდებარეობს. სპალეტის ღვინო ბორდოკამპო კი იტალიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. იტალიაში ყველამ იცის რომ სპალეტის გამორჩეულად უყვარს ფრინველები, განსაკუთრებით იხვები.

"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული თამაში გახდა შთაგონების წყარო "ლამბორგინისთვის". ავენტადორის ახალი მოდელი, ნაპოლის მაისურის ფერებში შეიფუთა, მისი ნომერი კი კვარაცხელიას ნომრის მსგავსად 77-ია.

ფეხბურთი აერთიანებს, კვარაცხელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამის კიდევ ერთი დასტურია. 21 წლის ფეხბურთელზე სიმღერებს როგორც იტალიელი ასევე ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ.

დღის ამბები