საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები, ჩეხეთის სოციალური დაზღვევის სისტემებს გაეცნენ. შეხვედრა შედგა, ჩეხეთის დასაქმების სააგენტოშიც, სადაც უწყების ორგანიზაციული სტრუქტურა განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი.
"ვიმსჯელეთ თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა არის და როგორ მოქმედებს როგორც სოციალური დაზღვევის კონტრიბუციები, ასევე შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმი. შეხვედრა გავმართეთ დასაქმების ადმინისტრირების ორგანოში, რომელიც აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკას ახორციელებს. ვიმსჯელეთ თუ რა საუკეთესო პრაქტიკა არის დღეს ჩეხეთში, როგორ შეიძლება, რომ ის გამოყენებული და გათვალისწინებული იყოს საქართველოში," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.
საუბარი შეეხო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ხელშემწყობ მექანიზმებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ქართულ მხარეს გვაცანით ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, შევადარეთ ორი ქვეყნის სისტემები. ვისაუბრეთ, ჩვენი სერვისების დიგიტალიზაციის მიმართულებით. ჩვენს კოლეგებს გავუზიარეთ არსებული გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ ეს მათ სასარგებლოდ წაადგებათ," - აცხადებს ჩეხეთის სოციალური დაცვის ადმინისტრაციის ევროკავშირთან კოორდინაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ჯიტკა კონოპასკოვა.