27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
მსგავსი ბრალდებით  ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება, მანქანებს არა მარტო პარლამენტის წევრები ხმარობენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც - იოსელიანი გვარამიაზე

"მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ნიკა გვარამიასთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებით საქართველოში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭრი იქნება.

ლევან იოსელიანის თქმით, ავტომობილებს არამარტო პარლამენტის წევრები, არამედ მათი ცოლები, შვილები და ძიძებიც ხმარობენ.

მისი თქმით, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და ამ ბრალდებით მისი ციხეში გამოკეტვა არასწორია.

"არ მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია უნდა იჯდეს ციხეში, ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა იყოს აუცილებელი. გარდა ამისა, ის ბრალი, რაც წარდგენილია, არის სრულიად აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალით რომ მივუდგეთ, ამ ქვეყანაში ნახევარი ჩინოვნიკების დასაჭერი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ და თქვენც კარგად იცით, რომ მანქანებს, მათ შორის, ამ შენობაშიც არა მარტო პარლამენტის წევრები ხმარობენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც და ა.შ.“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა. საქალაქო სასამართლომ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

დღის ამბები