27 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
წელიწადზე მეტია, ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს - 2027 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 000 დოლარს გადააჭარბებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური უკვე მეორე წელია თითქმის ყოველთვიურად გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამ კვარტალში ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.

ეკონომიკური ზრდის ტემპთან მიმართებით კიდევ ერთი პოზიტიური პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკეთა. საფინანსო ორგანიზაცია, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარამდე პროგნოზირებს. საფინანსო ინსტიტუტის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 2030- წლისთვის 15 ათას დოლარს გადააჭარბებს.

სავალუტო ფონდისა და საქსტატისგან განსხვავებული შეხედულება აქვს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს. ნიკა მელია სტატისტიკურ მონაცემებს სპეკულაციურს უწოდებს. ეკონომიკურ პარამეტრებზე კითხვები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

ენმ-ს კომიკური უწოდეს მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში," ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ლიდერს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს არსებული ეკონომიკური მიდგომების გახსენება ურჩიეს.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ახალ მაჩვენებელს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანა უკვე დიდი ხანია სტაბილურ გარემოს ინარჩუნებს, რაც მთავრობის მეთაურის აზრით, წლის ორნიშნა ზრდის მაჩვენებლით დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.

ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების ტენდენციას ხედავენ ანალიტიკოსებიც. ეკონომისტების აზრით, საქართველოს აქვს შანსი ენერგორესურსებით ევროპის მომარაგების მნიშვნელოვან დერეფნად იქცეს.

საქართველოს ეკონომიკა უკვე მეორე წელია ყოველთვიური ზრდის მაღალ ნიშნულს აჩვენებს. წლის შემაჯამებელ პარამეტრებს სტატისტიკის დეპარტამენტი უკვე დეკემბერში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები