27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
პუტინი სამხრეთ კავკასიის ფრონტზეც მარცხდება - მოსკოვს ალიევისა და ფაშინიანის საკუთარი ქოლგის ქვეშ მოქცევა გაუჭირდება

ომის ავტორი სხვის ომს შუამავლობს - უკრაინაში ტაქტიკური მარცხის პირას მყოფი ვლადიმერ პუტინი სახის შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, თუმცა ამაოდ. ზღვისპირა სოჭში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პუტინთან შეხვედრა მოკრძალებული შედეგით დასრულდა, რომელშიც არსებითად ახალი არაფერია.

"შევთანხმდით, რომ თავს შევიკავებთ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან, ყველა პრობლემურ საკითხს განვიხილავთ და გადავჭრით მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე. ხაზი გავუსვით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად აქტიური სამუშაოების აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად," - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამ ეტაპზე მეზობელთან პუტინის წარუმატებელი ომი მოსკოვის გავლენებს საგრძნობლად ასუსტებს იქ, სადაც აქამდე მას გავლენის სფეროები ეგულებოდა. ჩანს, რომ მოსკოვს დაპირისპირებული მხარეების საკუთარი ქოლგის ქვეშ მოქცევა გაუჭირდება, მიუხედავად ამისა, პუტინი ყველას უყვება,რომ წვიმიანი დღე სოჭში ძალიან შედეგიანი გამოდგა.

"ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა. ზოგიერთ საკითხზე სამომავლო შეთანხმებებისთვის ძალიან კარგი ატმოსფერო შეიქმნა. შევათანხმეთ ერთობლივი განცხადებაც. გულწრფელად უნდა ვთქვა, ყველაფრის შეთანხმება ვერ მოხერხდა, სპეციალისტების მიერ წინასწარ შემუშავებული ტექსტიდან ზოგიერთი საკითხის ამოღება გახდა საჭირო. ამის მიუხედავად, ვეთანხმები საერთო შეფასებას, რომ შეხვედრა იყო სასარგებლო და ეს ქმნის პირობებს, ზოგადად, სიტუაციის დასარეგულირებლად მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად," - განაცხადა პუტინმა.

თუ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის 2020 წლის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაჩქარებულ ვადებში დაიდო, უკვე სამშვიდობო შეთანხმებისთვის საკმარისი დრო და სივრცე არსებობს. ერევანმაც და ბაქომაც ეროვნული ინტერესებისა თუ კომპრომისების ბალანსით სასურველი ტექსტი უნდა მიიღონ,ვიდრე მას მათივე ხელმოწერებით დაადასტურებენ. ამისათვის მუშაობა დაწყებულია. ამ ეტაპზე აზერბაიჯანის 5-პუნქტიანი მოთხოვნა ცნობილია მათ შორის აწმყოსა და მომავალში ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიების არქონის შესახებ იურიდიული დასტური. რაც შეეხება სომხეთს,მოთხოვნებს შორისაა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობამდე დაბრუნება.

დაპირისპირებული მხარეების მორიგებაში ჩართულია თურქეთიც. პარალელურად ინიციატივა კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარ თავზე აშშ-მა და ევროკავშირმაც დამაჯერებლად აიღეს. მხარეებს შუამდგომლობას სთავაზობს საქართველოც. გასულ კვირას შატო მუხრანში მყოფ სტრატეგიულ მოკავშირეს ოფიციალურმა თბილისმაც დაუდასტურა, რომ სამშვიდობო ინიციატივის ერთგული რჩება და მზადაა მეზობლების მორიგებაში საკუთარი როლი ითამაშოს.

დღის ამბები