27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
დავით ფირცხალავას ბოსფორის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიანიჭეს - მისი ფილმი "დიდი შესვენება" ახლა ოსკარისთვის ემზადება

დავით ფირცხალავამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებული ტერიტორიები. რუსულ ოკუპაციაზე რეჟისორმა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე ისაუბრა, სადაც საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიანიჭეს.

ხელოვანს ფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს დელფინი" და "საუკეთესო რეჟისორის" წოდება, ფილმმა "დიდი შესვენება" მოუტანა.

"დიდი შესვენება" ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც საქართველომ ბოსფორის 10-ე საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე წარადგინა. მხატვრული ფილმი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია.

სრულმეტრაჟიანი კინოსურათი თანაკლასელებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ შეხვდნენ. ერთი შეხედვით ბიჭების უწყინარი შეკრება, ორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. სკოლის პერიოდის ტრავმები კი წლების შემდეგ შურისძიების მიზეზი ხდება.

ფილმი, რომელს სცენარიც ქართულ რეალობას არის მორგებული, საინტერესო გახდა საერთაშორისო მაყურებლისთვის. ამას მოპოვებული წარმატებებიც მოწმობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე სექტემბერში შედგა, მას შემდეგ ”დიდმა შესვენებამ ” საფესტივალო ცხოვრება დაიწყო. დავით ფირცხალავას მხატვრული ფილმი ახლა ”ოსკარისთვის" ემზადება.

”დიდი შესვენება”, სრულმეტრაჟიანი დრამაა, რომელიც საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმმა საერთაშორისო გამოხმაურება უკვე დაიმსახურა. რეჟისორისთვის კი მთავარი, ქართველი მაყურებლის შეფასებაა. ფილმის პრემიერა საქართველოში, დეკემბერში იგეგმება.

დღის ამბები