ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს. ღამის განმავლობაში ქალაქის მისამართით, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 150 000 შეადგენს 14 რაკეტა ისროლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია მხოლოდ სამოქალაქო ობიექტები. მათ შორის 4 საცხოვრებელი კორპუსი, 3 მოსაცდელი, ბავშვთა გასართობი მოედანი. აგრესორის ღამის იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დრონებით შეუტიეს პოლტავის ოლქსაც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მეოთხე კი სამიზნეს მაინც მოხვდა. ძლიერი აფეთქების ხმა საოლქო ცენტრში გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
1 დაღუპულია ნიკოლაევში. შუა ხნის ქალმა რუსული იერიშის დროს თავშესაფარში ჩასვლა ვერ მოასწრო. განადგურებულია 2 საცხოვრებელი სახლი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ს-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
თითქმის ერთკვირიანი კონტრშეტევა ლუჰანსკის ოლქში, უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ოკუპანტებისგან 9 დასახლებაა გათავისუფლებული. ამ დროისთვის, ინტენსიური შეტაკებებია ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით. ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 650 რუსი სამხედრო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოცდის ჩაბარება, სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოუწევთ. "სი-ენ-ენ-ის" ინფორმაციით, ირანი რუსეთს დამატებით, 1000 ბალისტიკურ რაკეტას და უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას დასავლური ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა უამბეს, რომლებიც ირანის შეიარაღებას მონიტორინგს უწევენ.