27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
პოლიტიკური აღიარება თუ წამოცდენა - რა თქვა აკაკი ბობოხიძემ ენმ-ის მმართელობის პერიოდზე და როგორ აღიქვეს მისი განცხადება მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ახლა კი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წარმომადგენლის წინა ხელისუფლების მმართველობაზე გაკეთებული შეფასება, დღეს ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებში განხილვის თემა გახდა.

აკაკი ბობოხიძემ განცხადება ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საზოგადოებაში წესრიგის დამყარებას არა აღზრდის, არამედ ძალის მეთოდით ცდილობდა

კონკრეტულად რა იგულისხმა აკაკი ბობიხიძემ უცნობია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომლის თავმჯდომარეც ამბობს, რომ სწორედ ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებებია ის, რის გამოც დღეს ბობოხიძე არა ყოფილი მმართველი პარტიის, არამედ "ევროპული საქართველოს" წევრია. ნიკა მელიას დღეს ავტორიტარიზმზე, არაერთი შეკითხვის მიუხედავად, არაფერი უთქვამს, თუმცა, თქვა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გადაცდომები იყო.

აკაკი ბობოხიძის განცხადება აღიარებად აღიქვეს მმართველ პარტიაში, თუმცა, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს აღიარებაც დაგვიანებულია. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ახლა უკვე ღიად დაადასტურა, რომ წინა ხელისუფლება დევნიდა განსხვავებულ აზრს და ძალადობდა მოქალაქეებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებულ გადაცდომებსა და დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა, პარალელურად ნაწილი ამბობს იმასაც, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაუახლოვდა საქართველო დასავლეთს და განხორციელდა არაერთი რეფორმა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 2012 წელს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რაზეც დღეს აკაკი ბობოხიძე ღიად საუბრობს, თუმცა, მმართველ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე მეტი დანაშაული მიუძღვის.

აკაკი ბობოხიძემ განცხადება გუშინ გააკეთა, თუმცა, დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილა. მისი კომენტარის განმარტებაზე უარი თქვეს მის პარტიაში - ”ევროპულ საქართველოშიც”.

დღის ამბები