27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ესპანური გამოცემა ზურაბ ადეიშვილზე: კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული ყოფილი მინისტრის ფაქტორი ჩრდილს აყენებს პროცესის სანდოობას

ესპანური გამოცემა publico.es ეხმაურება ევროსაბჭოში უკრაინის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტს, რომლის შემადგელობაშიც იყო საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.

“კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში ბრალდებული ყოფილი ქართველი მინისტრი უკრაინას ევროპაში ურჩევს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ომის დანაშაულებების გამო. ის საკუთარ ქვეყანაში მსჯავრდებულია [დაუსწრებლად] გატაცების, წამების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა საქმეებზე, ამჟამად კი უკრაინის გენერალური პროკურატურის მრჩეველია. ეს გარემოება ჩრდილს აყენებს პროცესის სანდოობას და კიევის მთავრობის მცდელობას, დააკისროს მკაცრი პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებებისთვის“, - წერს ესპანური გამოცემა და იქვე მიმოიხილავს იმ ბრალდებებს, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს საქართველოში აქვს წარდგენილი.

“2012 წელს, ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა არჩევნები წააგო, მისი გუნდი სასამართლო დევნას დაექვემდებარა. ადეიშვილი პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მისი მეთაურობით უშიშროების თანამშრომლებისა და ოფიციალური პირების მიერ 2008-2012 წლებში: წამება ციხეში, უძრავი ქონებების უკანონო ჩამორთმევა, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების ან ხელოვანებისგან უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ადეიშვილს დაუსწრებლად მიესაჯა ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ უკანონო დახურვისთვის. იგი ასევე გაასამართლეს 2007 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ თავდასხმის გამო, “აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის, “ბანკო ქართუს“ გაკოტრების საქმეებზე. 2021 წლის იანვარში მას დაუსწრებლად მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, კობა დავითაშვილის გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე [უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით]. 2021 წლის ივლისში იგი დამნაშავედ ცნეს პატიმართა დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და მიესაჯა ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა“, - ვკითხულობთ publico.es-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დღის ამბები