27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
საოკუპაციო ძალამ კიევს, ხარკოვს და კიდევ რამდენიმე ქალაქს სარაკეტო დარტყმები მიაყენა - დედაქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. დედაქალაქის შემოგარენში საოკუპაციო ძალის მიერ ნასროლმა რაკეტამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. კიევის მერს განადგურებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვიტალი კლიჩკომ მხოლოდ ის თქვა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წყლის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო სამიზნე ხარკოვშიც. ორი ძლიერი აფეთქების შემდეგ ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მუშაობა შეაჩერა მეტრომ. რამდენიმე ობიექტი განადგურდა კრივოი როგში. გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალამ კომბინირებული შეტევა რაკეტებით და დრონებით განახორციელა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის მისამართით გაშვებული 50 რაკეტიდან უკრაინელებმა 44 გაანეიტრალეს. ერთ-ერთი განადგურებული რაკეტის დეტალები მოლდოვის ტერიტორიაზე, სოფელ ნასლავჩაშიც ჩამოვარდა. შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი, ჰაუბიცები და საზენიტო დანადგარები. ჩამოაგდეს რუსული სუ-25 ტიპის საჰაერო ხომალდი. წარმატება აქვთ უკრაინელებს ლუგანსკის მიმართულებითაც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალის წინააღმდეგობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონის ოლქში, სადაც რუსული კონტინგენტი დღითიდღე იზრდება.

ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა განიცადეს მძიმე დანაკარგი სოფელ პავლოვკაში და დასახლება დატოვეს. ამ ცნობას ოფიციალური კიევი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ინტენსიური დაბომბვების გამო თავშესაფარში მოუწია სამუშაო დღის გატარება უკრაინაში ამერიკის ელჩს და დიპლომატიური მისიის პერსონალს.

დღის ამბები