27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
გამოვლინდა შემთხვევები როცა მშობელი არასრულწლოვანი შვილისთვის თამბაქოს ნაწარმს ყიდულობდა - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

გამოვლინდა შემთხვევები როცა მშობელი არასრულწლოვანი შვილისთვის თამბაქოს ნაწარმს ყიდულობდა, - ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

"საკანონმდებლო რეგულაციებით მოზარდზე თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, საცალოდ, ან ღერებით მიყიდვა იკრძალება. მიუხედავად ამისა, მოზარდები არამხოლოდ თამბაქოს კლასიკურ პროდუქტს, სიგარეტს, ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოსაც მოიხმარნენ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოზარდებისთვის თამბაქოს ნაწარმს (უფრო ელექტრონულ სიგარეტს) მშობლები ყიდულობენ, რასაც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორები, ქსელურ მაღაზიებში, სხვადასხვა ადგილზე შეესწრნენ. მამა, დაახლოებით 13-14 წლის ქალიშვილს უთანხმებდა ელექტრონული სიგარეტისთვის რომელი არომატი ეყიდა. დასანანია, რომ მსგავს ფაქტზე შენიშვნის მიცემისას მშობლები მწვავედ რეაგირებენ, ჩემი შვილია და მე უკეთ ვიცი რა ჭირდებაო?! ბავშვებს არ სჭირდებათ თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ყველა შემთხვევაში დამოკიდებულებას და მთელ რიგ, სხვა, გართულებებს იწვევს. ამიტომაც აიკრძალა კერძო ავტომობილში მოწევა, თუ მისი საშუალებით მოზარდი გადაადგილდება. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა კერძო მძღოლი ზედმიწევნით გაკონტროლდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კანონის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერებაში თანდათან გაჯდება, რომ ავტომობილის სალონში, სადაც ბავშვი ზის, თამბაქოს პროდუქტი არ უნდა გამოიყენებოდეს. ალბათ გონს მოვლენ ის მშობლებიც, რომლებსაც შვილისთვის თამბაქოს პროდუქტის შეძენა ჰუმანური საქციელი ჰგონიათ, მაგრამ შესაძლოა გვიან იყოს. მით უფრო, რომ ერთი მწეველი მოზარდი, ცდილობს თანატოლებიც დაარწმუნოს, მოწევა კარგი ტონი, ან სასარგებლო ქცევაა. რამდენიმე სკოლიდან შეგვატყობინეს, რომ მოზარდებმა კლასშიც კი ამოიღეს ელექტრონული სიგარეტი, გააბოლეს და კლასელებსაც შესთავაზეს.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად არასაკმარისია მანდატურის სამსახურის, პედაგოგების, ან დირექტორის ძალისხმევა, თუ ისინი მოზარდებთან და მათ მშობლებთან სამუშაო ინფორმაციასა და საკომუნიკაციო მეთოდებს არ ფლობენ. პირად საუბრებში არც მალავენ, რომ მწეველი მოსწავლეების მწეველ მშობლებთან გამკლავება უჭირთ. გამოსავალია სკოლაში მუდმივი საკომუნიკაციო პროგრამის ამოქმედება, რითაც შესაძლებელი გახდება, პედაგოგების და სკოლის ექიმების გადამზადება, რის შემდეგაც მოზარდებს აუხსნიან თამბაქოს რომელიც პროდუქტი რა შედეგს იძლევა და რა პრობლემებს ქმნის. სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურს არ აქვს უფლება სკოლებში შევიდეს და სამიზნე სეგმენტთან იმუშავოს. საჭიროა ნებართვები განათლების სამინისტროდან, რაც შესაძლოა თვეობით გაიწელოს. სამინისტროს ნებართვის გარეშე კი სკოლა დახურული სისტემაა, სადაც შეუძლებელია თამბაქოს ინდუსტრიის საცეცებს ვებრძოლოთ. არადა, როდესაც საქმე მოზარდის ჯანმრთელობას ეხება, დრო არ იცდის.

სექტემბერში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარებულმა ყოველთვიურმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა რეგულაციების დარღვევის მსგავსად, მცირე პროცენტით, მაგრამ კვლავაც აქტუალურია სიგარეტის ღერებით გაყიდვის ფაქტები, მყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში მოზარდები არიან. ვიმედოვნებთ, შსს-ს საპატრულო პოლიციის და შემოსავლების სამსახურის მეტი ძალისხმევის შედეგად ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრება და თვიური მონიტორინგის ანგარიშში ქუჩაში თამბაქოს ნაწარმის არათუ ღერებით რეალიზაციის ფაქტი არ დადასტურდება, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის რეგულაცია 100 %-ით აღსრულდება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები