27 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვას იწყებს - როგორ აფასებს ოპოზიცის ნაწილი წარმოდგენილ ვერსიას  

ერთ საათში პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვას იწყებს. პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება - ერთი განსხვავებით, ოლიგარქს უკრაინაში პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოში კი პარლამენტი დაადგენს.

"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კანონპროქტს კრიტიკულად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ უკრაინული ვერსიის კოპირება მიუღებელია. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ვერსია ასახავს ქართულ რეალობას. 

"დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა კანდიდატის სტატუსი მისაღებად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი სახის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ვერსია არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, არ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და წარმოადგენს უკრაინულის კოპირებას, რაც ბუნებრივია, მიუღებელია და არ ასახავს ქართულ რეალობას," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

შეფასება კანონპროექტის შესახებ გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

"ერთ ადამიანზე არ შეიძლება კანონის მიღება, მაგრამ პრინციპები უნდა იყოს ისეთი, რომელიც უნდა აზღვევდეს ქვეყანას არსებული ოლიგარქიისგან და მომავალში ოლიგარქიის საფრთხისგან. მთავარი პირობა, ჩვენ რაც მიგვაჩნია  ოლიგარქიის, არის დიდი ფულის ფლობასთან ერთად, მის კომპანიაში ნამუშევარი ადამიანი, მასთან დაკავშირებული ადამიანები არ უნდა იყვნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობზე და არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ოლიგარქად მიიჩნევა პირი, ვისაც აქვს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე. კანონპროექტის მიხედვით, ასეთ პირებს შეეზღუდება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა და პრივატიზაციის პროცესში ობიექტების შესყიდვა.

დღის ამბები