ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება. ის ირწმუნება, რომ თავს იცავდა.
მას ბრალს უახლოეს საათებში ოფიციალურად წაუყენებენ. კონფლიქტს წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელიც რესტორანში დაიწყო. მოგვიანებით, დაკავებულს საქმის გასარჩევად სახლში მიაკითხეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოკლულია 26 წლის თემურ ხარაული. მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე სამშენებლო ობიექტზე ერთად მუშაობდნენ.
ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცდილობდა კონფლიქტი თავიდან აერიდებინა.
"არ ვეთანხმებით მუხლს , რადგან ტარიელი იცავდა თავის თავს და ოჯახს. აქამდე მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს, ან მოეხსნას,"- აცხადებს მარსაგიშვილი.