NATO მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. NATO-ს სპიკერის ოანა ლუნგესკუს განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება, დაასრულოს უკანონო ომი უკრაინაში და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება.
პარალელურად, მედია ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაერო, უკრაინა და თურქეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წყლებში მყოფი უკრაინული მარცვლეულით 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ. დელეგაციები, ასევე, შეთანხმდნენ 40 გემის ინსპექტირების უზრუნველყოფაზე, რომლებმაც პორტი ორშაბათს უნდა დატოვონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას გემების გადაადგილების შესახებ უკვე აცნობა.