რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა მის ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის ფედერაციის ლიდერები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის ზღვარზე, უკრაინის ლიდერი განმარტავს, რომ რუსეთი ერთადერთი დამნაშავეა იმაში, რომ საკვები ძვირდება, რიგ ქვეყნებში კი მისი დეფიციტია.
"რა გაიგო მსოფლიომ? თითქოს ვიღაც მარცვლეულის სატვირთოდან უშვებს უპილოტო თვითმფრინავებს. ჯერ "მებრძოლ ფრინველებზე" ისაუბრეს, მერე "მებრძოლ კოღოებზე", ახლა "მებრძოლ მარცვლეულზე". ხორბალი არის მკვლელი, რომელიც ახრჩობს რუს "ადმირალებს". რა შეიძლება ითქვას? ნამდვილი ავადმყოფი ხალხია. მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ, დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, რომ ცოტა შეანელოს შანტაჟი. მაგრამ არის ეს რეალური? ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებით. სხვათა შორის, ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს. მარცვლეულის დერეფანი ძალიან კონკრეტული მაგალითია. ამჟამად 218 მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთს არ სურს რაიმე რეალური გარიგება. 218 გემი ელოდება საექსპორტო კონტრაქტების მიხედვით საკვების გადატანის ან უკრაინის პორტებში შესვლის შესაძლებლობას. უკრაინა, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივამ ფუნქციონირება განაგრძოს," - ამბობს ზელენსკი.