27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ცეცხლგამძლე მატერია, ვირტუალური რეალობა და ლოგისტიკური სისტემები - წარმატებული სტარტაპერები საქართველოდან

ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა საკუთარი სტარტაპით "სილიკონ ველიზე" მოხვდეს - რა თქმა უნდა, ამისათვის ძალიან რთული გზის გავლაა საჭირო, თუმცა არსებობს წარმატების ისტორიები. რომლებიც ქართველებმა დაწერეს. 

სტარტაპერების სამოთხე ანუ "სილიკონ ველი" - ეს მაღალტექნოლოგიური კომპანიების თავშეყრის ადგილია. აქაა თითქმის ყველა წამყვანი კომპანიის სათავო ოფისი. "სილიკონ ველიზე" შეხვდებით Google-სFacebook-სApple-ს, ამ გიგანტური კომპანიების გვერდით კი პოზიციების გამყარებას სულ უფრო მეტი ქართული სტარტაპი ცდილობს. 

მეხანძრის უნიფრომა არ დაიწვა, ცეცხლს გადაურჩა - ეკიპირება ქართველებმა შექმნეს. სპეციფიკური სამოსი მეხანძრე-მაშველებს უნდა დაეხმაროს იმისთვის, რომ გადარჩნენ. ვამეხ ხერხეულიძე ერთ-ერთია, ვისაც იდეა გაუჩნდა, მაშინ კოსმონავტის სკაფანდრზე მუშაობდა. ბევრიც იშრომა, თუმცა სტარტაპის ასეთ წარმატებას მაინც არ ელოდა. სანამ უნიფორმას მეხანძრეები მოირგებენ, ტესტრირების ბოლო ეტაპს ამერიკაში გადის. მიზანიც სწორედ ამერიკული ბაზრის ათვისებაა.

შექმნეს კინომსახიოებებისთვის ცეცხლგამძლე კოსტუმებიც. ახალგაზრდა ინოვატორები ახლა ელექტრომანქანების ძრავის დამცავ მექანიზმებზე მუშაობენ, წინ კი კოსმოსი და იქ მოგზაურობაა.

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სივრცე 1.5 წლის წინ დაიკავეს. ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ კომპანიის სახელი გასცდენოდა არამარტო ქვეყნის საზღვრებსაც - ანი მანჯავიძის პროექტის მთავარი იდეა ციფრული სამყაროს რეალურ ცხოვრებაში გადმოტანაა.

კომპანიაში 2 000-ზე მეტი ექსპერტია დასაქმებული, ისინი პლატფორმის განვითარებაზე მუშაობენ. ოფისი აქვთ უკრაინაშიც.

ვანო ჩალაძის სტარტაპის განხორციელების შემდეგ, ტვირთის გამგზავნსა და გადამზიდ კომპანიას შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გამარტივდა და კიდევ უფრო სწრაფი გახდა. ამბობს, რომ მისი პროექტით ახლა "სილიკონ ველიც" დაინტრესდა. კომპანიას Cargon-ი დაარქვა. თავდაპირველად, როცა იდეის განხორციელებას იწყებდა 105 000$-იანი გრანტი აიღო, მოგვიანებით კი სტარტაპით კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდა.

ტვირთთან არაფერი აკავშირებს, თუმცა ვირტუალურ გადახდებში ქართულმა სტარტაპმა საერთაშორისო ბაზარი უკვე აითვისა. ნებისმიერი გადახდა რომ მარტივად არის შესაძლებელი, ამის დამტკიცებას სამი მეგობარი 2019 წლიდან ცდილობს. ჯერ ბაზარი შეისწავლეს, შემდეგ კომპანია შექმნეს და წარმატებაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა. ახლა ინტერესი "სილიკონ ველის" სივრციდანაც წამოვიდა.

იდეა ქმნის მომავალს - წარმატების გარდა ყველა კომპანიას ეს ერთი სლოგანიც აერთიანებს, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეკუთვნის. სწორედ სახელმწიფო სააგენტო ეხმარება კრეატიული იდეების ავტორებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის სამხრეთით - იქ, სადაც 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, "სილიკონ ველია" ისეთი წარმატებული კომპანიების სახლი, როგორიცაა Facebook, Google, Yahoo. ეს პლატფორმა - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ბოლო წლებია ქართველი კომპანიებიც აქტიურად ხვდებიან. "სილიკონ ველში" მოხვედრილი ყოველი წარმატებული პროექტი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯია, ნაბიჯი აწმყოში და ნახტომი მომავალში.

დღის ამბები