რესოციალიზაციის საუკეთესო შანსი - უმაღლესი განათლება ციხეში, პატიმრებს სწავლა უკვე ონლაინ, ციფრულ უნივერსიტეტში შეუძლიათ. მსჯავრდებულს, რომელიც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს, შესაძლებლობა მიეცემა გისოსებს მიღმა არსებული უმოქმედო დრო სასარგებლოდ აქციოს, დისტანციურად ისწავლოს და საპყრობილე ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხით დატოვოს.
რუსთავის ნომერ მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნაწილი პროფესიულ განათლებასაც იღებს - "კურიერი PS-მა" პატიმარი სტუდენტები გადაიღო.
დროის სასაკლაოზე ზედმეტად დიდი კედლები, გისოსები და მავთულხლართებია იმისათვის, რომ ფიქრებს და სინანულს გაექცე. აქ მოხვედრისას ყველა გადის პირველ შოკს, რის შემდეგაც ადაპტაცია იწყება - ადაპტაციის გზა მონოტონურ, ნაცრისფერ დეპრესიაზე გადის.
სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე ახლის დასაწყებად საკუთარ თავში ძალის პოვნა და ისეთი სისტემის არსებობაა, სადაც მონდომების შემთხვევაში შანსს მოგცემენ. მათ შორის ვინც კრიტერიუმები დააკმაყოფილა და რუსთავში, დაბალი რისკის მქონე პატიმართა დაწესებულებაში გადაიყვანეს ჩვენი რესპოდენტიც არის. ამბობს, რომ აქ მოხვედრის შემდეგ ბევრი აღმოჩენა გააკეთა, რაც მანამდე ლეგენდა ეგონა.
ინსპირაცია პანდემიის დროს სწავლების ონლაინ რეჟიმში გადასვლა იყო. ამგვარი გამოცდილების დაგროვებასთან ერთად განათლების და იუსტიციის სამინისტროებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ონლაინ სწავლება სასჯელაღსრულების სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების და რესოციალიზაციის საუკეთესო შანსს გააჩენდა. პროექტმა გაამართლა. მაგალითად, "P.S.-ის" სიუჟეტის გმირი, რომელსაც ერთდროულად სტუდენტის სტატუსიც აქვს და მსჯავრდებულისაც, ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ თავისუფლებაზე მყოფ სტუდენტებთან შედარებით პრივილეგირებულია. დროც მეტი აქვს და მოტივაციაც. ამ მოტივაციის წყალობით გრანტიც მოიპოვა.
რადგან ციფრული უნივერსიტეტის პროექტმა გაამართლა, ის ახლო მომავალში გაფართოვდება. მომდევნო ეტაპი არამხოლოდ დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულების, არამედ, საშუალო რისკის შეფასების მქონეთა ჩართვასაც მოიაზრებს. შედეგები უკვე თავად მსჯავრდებულების მიდგომაზე იქნება დამოკიდებული.
შესაძლებლობების ჩამონათვალში მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღება არ არის. აქ მსჯავრდებულების ნაწილი პროფესიულ განათლებას იღებს. ზოგი ენას სწავლობს. ციხეში ჩინური ენის პედაგოგის ჰყავთ. ასევე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ფრანგული ენის მასწავლებლის აღმოჩენა, რომელიც, ერთი შეხედვით, მიწვეული სპეციალისტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავადაც მსჯავრდებულია.