27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მათ ექნებათ ალბათ შეკითხვები, თავიანთი პრიორიტეტები და ვეცდები, რომ ადეკვატურად ვუპასუხო მათ მოთხოვნებს - იაგო ხვიჩია

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან გაგრძელდება. პარლამენტმა 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა. რიგში მომდევნო 12-ია.

კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა და აპოლიტიკურობა - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რაც კანონში უკვე გაიწერა და სავალდებულოა, რომ ნინო ლომჯარიას შემცვლელმა დააკმაყოფილოს.

უკვე ცნობილია ის კანდიდატებიც, ვის მხარდაჭერასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი გეგმავს. ისინი ნდობას მესამე სექტორის მიერ რეკომენდირებულ პირებს უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტიის პოზიცია, ისინი გადაწყვეტილებას საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ მიიღებენ. მოქმედ ომბუდსმენს ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.

"ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა ვიმყოფებით პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ, როცა ვსაუბრობთ, რომ გადაწყვეტილება უკვე პოლიტიკოსების მისაღებია, მაგრამ ეს უკვე გაცდა მხოლოდ ადგილობრივ შიდა საკითხს. ომბუდსმენს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყანაში უფლებების დაცვის ნაწილში, უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების ნაწილში. ყველას ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არის დაპირისპირებული და პოლარიზებული გარემო. ამიტომ არის ევროინტეგრაციის იმ 12 ნაბიჯიდან  პირველი სწორედ პოლარიზაციის დაძლევა და ნაბიჯების გადადგმა არის. ამიტომაც გადავწყვიტე ჩავრთულიყავი პროცესში," – აცხადებს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი და ომბუდსმენობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, ომბუდსმენობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყველა დასმულ კითხვას ადეკვატურად უპასუხებს.

"პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მათ ექნებათ ალბათ შეკითხვები, ექნებათ თავიანთი პრიორიტეტები და ვეცდები, რომ ადეკვატურად ვუპასუხო მათ მოთხოვნებს. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და ჩემი მონაწილეობაც აქ არის პოლიტიკოსის მონაწილეობა და არა იმ ადამიანის, რომელმაც უარი თქვა პოლიტიკაზე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები