27 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება - ვინ გახდება ქვეყნის სახალხო დამცველი და რა მოლოდინები აქვთ თავად კანდიდატებს

ერთი კითხვის 19 სავარაუდო პასუხი - ვინ გახდება ქვეყნის სახალხო დამცველი - 7 კანდიდატის ხედვები ცნობილია, რიგში კიდევ 12-ია. საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება.

კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა და აპოლიტიკურობა - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რაც კანონში უკვე გაიწერა და სავალდებულოა, რომ ნინო ლომჯარიას შემცვლელმა დააკმაყოფილოს.  

"ჩემი კამპანიის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული. მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელიც სხვა თეზისს ეჭვქვეშ არ აყენებს სხვა სახალხო დამცველის კანდიდატთა შორის. ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ნათელია - მე ისედაც პოლიტიკოსი ვარ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ჩემმა კოლეგებმა იციან და მე მათ არ ვკადრებ იმის თქმა, რომ სხვა ადამიანი გავხდები 2 კვირაში. საბოლოო ჯამში, ეს არის "ქართული ოცნების" დისკრედიტაციული უფლებამოსილება. არჩევანის მათზეა დამოკიდებული - აირჩევენ თავიანთ კოლეგას - გაცხადებულად პოლიტიკოსს, თუ გაცხადებულად "ენჯეოშნიკს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

მეორე კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი კი ფიქრობს, რომ მისი წარსული იმის შესაძლებლობას აძლევს, ამ კანდიდატურაზე იყოს წარდგენილი. თუმცა, ჯანეზაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ წინა პერიოდში მისი არაერთი კრიტიკული განცხადების გამო, შესაძლოა არჩევანი მის კანდიდატურაზე არ შეაჩერონ:

"მჯერა საკუთარი თავის და ჩემი წარსულიც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ თანამდებობაზე განაცხადი წარდგენილი მქონდეს და მეორე, რეალისტური იმის გამო, რომ მე გამოვირჩევი იმით რომ მუდმივად მქონდა სხვადასხვა სახის კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოში დღეს არსებულ სიტუაციაზე, სწორედ ამის გამო, შესაძლოა მათ ჩემი კანდიდატურა არ მოიწონონ და არ ვიყო მათთვის მისაღები,"- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სასამართლოს გუშაგის” დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

"ჩემი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც არის ძალიან გამჭვირვალე" - ეს კი მესამე კანდიდატის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას არგუმენტია. მას იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრები მის კანდიდატურაზე კონსესუსს მიაღწევენ:

"ჩემი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც არის ძალიან გამჭვირვალე. ამ სექტორში საქმიანობის ჩემმა გასულმა 17-მა წელმა, ვფიქრობ ძალიან ნათლად უნდა დაანახოს პარლამენტის წევრებს ჩემი მიუკერძოებლობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მხრიდან შეიძლება სწორედ ჩემი კანდიდატურა იყოს ის, ვისზეც ისინი შეძლებენ კონსესუსის მიღწევას,"- ამბობს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ვადა დეკემბერში ეწურება, ვინ დაიკავებს მიას ადგილს კი ეს ცნობილი უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს. 

დღის ამბები