27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
გადაკვალიფიცირდება თუ არა კახეთში მომხდარი გახმაურებული საქმის ბრალი - დის მკვლელობისთვის დაკავებულმა მამაკაცმა დუმილი დაარღვია, თუმცა მაინც ვერაფერი გაიხსენა

საკუთარი დის მკვლელობისთვის ბრალდებულმა სამდღიანი დუმილი დღეს სასამართლოში, პირველი წარდგენის დროს დაარღვია. ბევრი არაფერი თქვა. გარდა იმისა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.

"არ მახსოვს რა მოხდა და როგორ მოხდა," - განაცხადა ზურაბ ალადაშვილმა. 

მოსამართლემ ზურაბ ალადაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა. მარინე ცერცვაძემ ის მიზეზებიც განმარტა, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ დღეს იმსჯელა.

"შესაძლებელია ზურაბ ალადაშვილმა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. ასევე საფრთხე არის იმის, რომ მტკიცებულებების მოპოვების დროს ხელისშეშლასთან მიმართებაში, მოწმეებზე და დაზარალებულებზე მოახდინოს გავლენა. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ნამდვილად არ გაუთვალისწინებია აღნიშნული სასამართლოს,"- განაცხადა მოსამართლემ. 

ზურაბ ალადაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს პატიმრობის ალტერნატივად გირაო შესთავაზეს. დაცვის მხარის შუამდგომლობა დღეს არ დაკმაყოფილდა, თუმცა ადვოკატებს უკვე შემუშავებული აქვთ სტრატეგია, რითიც 35 წლის მამაკაცის ციხიდან დახსნას შეეცდებიან.

გამოძიება პირველივე დღიდან დაიწყო მუხლით - ოჯახის წევრისათვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ახლა ადვოკატებს ბრალის გადაკვალიფიცირება სურთ. ამტკიცებენ, რომ მერი ალადაშვილი გაუფრთხილებლობის მიზეზით დაიღუპა. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება კი, შესაძლოა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

დაკავებულს დღეს არ უთქვამს, ეთანხმება თუ არა ბრალის იმ ფორმულირებას, რა შინაარსითაც გამოძიებამ საქმე სასამართლოში წაიღო. პროკურორი კი, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ძმის დანაშაულის უტყუარობაზე მიუთითებს.

ოჯახური ტრაგედიის საქმეზე გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ზურაბ ალადაშვილს თავდაპირველად კონფლიქტი ძმასთან მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდნენ. ფიზიკური დაპირისპირების მომენტში ძმების გაშველებას მერი ალადაშვილი შეეცადა. სწორედ ამ დროს ის დაეცა და თავის დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები