რა მოხდა სოფელ ტიბაანის ცენტრალურ გზაზე და დაარღვევს თუ არა დის მკვლელობაში ბრალდებული დუმილს - თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ალადაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.
"ჩვენ გირაოს მოვითხოვთ, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არ დასტურდება, რომ მან განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა დას, რამაც სიკვდილი გამოწვია. ჩვენი ალტერნატიული მუხლის მითითება მომავალში იქნება ის, რომ ეს არის გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და არა განზრახ ჩადენილი, რასაც მას ბრალდება ედავება,"- აცხადებს ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი.
34 წლის ქალი წნორში ორი ძმის ჩხუბს შეეწირა. მამაკაცების კონფლიქტი მანქანაში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა აგრესია ქალზე გადაიტანა. ჩხუბში მონაწილე არცერთ ძმას არ ახსოვს რა ვითარებაში გარდაიცვალა 34 წლის ქალი, რომელიც ძმების გაშველებას ცდილობდა. ამნეზია თუ სტრატეგია, დეტალებს სასამართლო გაარკვევს.