27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
თეონა აქუბარდია პარტია "სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს - ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა

დეპუტატია თეონა აქუბარდია პარტია "სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც თეონა აქუბარდია საკუთარ facebook გვერდზე წერს, რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების" შემადგენლობაში და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან. 

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი", თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლის" სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს," - წერს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები