27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდა - რა შედეგებით დაბრუნდა სამთავრობო დელეგაცია უნგრეთიდან

უნგრეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ აფასებს და წერს, რომ საქართველოს პრემიერთან თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

ახალ ენერგოპროექტებზე ორბანმა და ღარიბაშვილმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში იმსჯელეს. ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო ოფიციალურ სადილზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებას დღეს თბილისშიც აფასებენ.

მმართველი პარტიის წევრების განმარტებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია დამატებით სარგებელს მოუტანს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე, ქვეყნები ენერგორესურსების დივერსიფიცირებას, ახალი მომწოდებლებისა და მარშრუტების მოძებნას ცდილობენ. მათ შორისაა ევროკავშირის წევრი უნგრეთი, რომელიც აზერბაიჯანიდან ენერგიის შემოტანას საქართველოს გავლით აპირებს.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრა პრემიერთან შატო მუხრანში შეხვედრის დროს ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ ამ მიმართულებით თბილისთან თანამშრომლობა მომავალში უფრო გაფართოვდება. დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ექსპორტისთვის, ბაქო-სუფსის ტერმინალის გამოყენებაც მოხდება. გეგმაშია ახალი ერთობლივი ენერგოპროექტების განხორციელება.

ოპოზიციაში საქართველოს სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას მიესალმებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა გონივრულად უნდა გამოიყენოს.

ენერგო უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, პირდაპირი კავშირების გაძლიერება ევროკავშირის ქვეყნებთან - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბენეფიტების, რომელსაც მმართველი პარტიის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა მიიღებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური როლი და სტატუსი იზრდება.

ეკონომიკური თანამშრომლობის და საქართველოს ენერგო სატრანზიტო ფუნქციის გარდა, უნგრეთის პრემიერი საქართველოს ბრიუსელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მხარდაჭერას უცხადებს. ვიქტორ ორბანის კიდევ ერთი twitter-ის პოსტი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. უნგრეთი კარგ გადაწყვეტილებად თვლის მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებას და ამავე დროს, ოფიციალური ბუდაპეშტისთვის მიუღებელი და ამორალურია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა.

დღის ამბები