10 წლის ბიჭის მიმართ შანტაჟსა და მუქარაში მხილებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანის მიმართ მუქარაში ბრალდებული მამაკაცი ვერ იხსენებს თუ სად იმყოფებოდა 26 ოქტომბერს, დანაშაულის ჩადენის მომენტში. 26 წლის ვალერი დოდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის. დაცვის მხარის მტკიცების მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება ადვოკატმა შესაძლოა მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს.
მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა პროკურორისთვის. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სწორედ ვალერი დოდაშვილი იყო ის პირი, რომელიც შანტაჟის გზით არასრულწლოვანს ბინის კარის გაღებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარის შემტვრევით ემუქრებოდა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც "კურიერმა" ჯერ კიდევ გუშინ, ექსკლუზიურად გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის სადარბაზოში საეჭვო პირი. ის ტერიტორიას იმავე გასასვლელით, რამდენიმე წუთში ტოვებს. ბავშვის ოჯახს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე საუბარი აღარ სურს. მათი თქმით, არასრულწლოვანი მუქარის დროს იმდენად ემოციურ მდგომარეობაში იყო, რომ კარს მიღმა მყოფი უცხო მამაკაცისგან თავს სამზარეულოს დანით იცავდა.
თავად ბრალდებულის ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურს. ამბობენ, რომ პატიმრობის შეფარდებისთვის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა.
მუქარის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პარალელურად, გამოძიება არკვევს, თუ რა მოტივით ცდილობდა 26 წლის მამაკაცი მე-15 სართულზე მდებარე უცხო ბინაში შეღწევას.
ავტორი: სანდრო სანაია