27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, მედიის წარმომადგენლებისთვის დაწესდეს რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევაში აკრედიტაციის წესის გამოყენებას გულისხმობს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება:

"გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუელებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, არ იცავს წესრიგს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებას გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი,"- აცხადებს ჯაღმაიძე


საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას.

"საპატრიარქოს არც ერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომლითაც, ზოგადად შეუძლია, ისარგებლოს პირმა, ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში. 14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. თქვენ ნახეთ დღეს კადრები, როგორ მივედით, რა უძღოდა ამას წინ. რამდენიმე მაგალითი გაჩვენეთ და სრულიად საკმარისია. გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, შემდეგ ეკლესიისთვის დაბრალების მცდელობა, თითქოს მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება; კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, მონაზვნებთან თითქმის სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან. მივედით იქამდე, რომ სვეტიცხოვლობა დღეს, ტაძრის ეზოში, როდესაც წირვა აღასრულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს. ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს, სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ. მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი, პატრიარქის გადადგომის მოლოდინის სკანდალის საკითხი. სამწუხაროდ, დროდადრო ამ თემის სხვადასხვა ფორმით რეინკარნაცია ტელევიზიებისთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. თითქმის ყოველ წელს ხდება ხოლმე, ვიღაც იტყვის მონაჭორს, რაზეც ერთი მთელი კვირა ფიქრობს.

ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. სასულიერო პირის უარი კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. თავის მხრივ, სასულიერო პირისთვის არსებითი მნიშვნელობისაა ტაძარში წირვაზე აუღელვებლად შევიდეს, საზეიმო მსახურებისთვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე. ცალკე აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს, მედიასაშუალებას და მათ საქმიანობას. შესაბამისად, საპატრიარქომ გამოყო ცალკე სივრცე, სადაც შეეძლოთ ჟურნალისტებს, ყველა მედიასაშუალებას, რომ დაეკავებინათ მათთვის განკუთვნილი ადგილი. მიუხედავად ამისა, სვეტიცხოვლობა დღეს, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს, დაეკავებინათ მათთვის გამოყოფილი სივრცე. გალია უწოდეს, თითქოს სხვა უწყებებში სხვანაირი ბარიერები არსებობს. მეტიც, მათ განაცხადეს,რომ სასულიერო პირებს აქვთ თმენის ვალდებულება, თუნდაც წირვის წინ სასულიერო პირებისგან ინტერვიუს აღების დაჟინებულ მცდელობას ჰქონდეს ადგილი. ყველასთვის ცნობილია, რომ სხვა ნებისმიერ უწყებაში ან დიდ ღონისძიებაზე ჟურნალისტები დგებიან იქ, სადაც გამოყოფილია მათთვის შესაბამისი სივრცე. ამის უფლება აქვს იმ უწყებას, რომელიც ამ სივრცის მესაკუთრე ან მფლობელია. ამავე დროს, ყველა ტაძრის უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, საღმრთო მსახურების აღსრულების უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს საკუთარ ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას.

ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება, განხორციელდეს იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღმრთო მსახურებასა და მსახურებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულიდან და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად, არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყების და ორგანიზაციებისა, მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს თავის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. ამდენად, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, რომ ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი," – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები