სასამართლო დავა არ სრულდება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიწვევს პაციენტის განსაცდელში მიტოვებას და პაციენტის საუკეთესო ინტერესების დარღვევას, - ნათქვამია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედდა ნინო კვაჭაძე არაერთი უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდა, ის გამოირჩეოდა უხეში, უტაქტო და გულგრილი დამოკიდებულებით. ხოლო პანდემიის დროს, მაშინ როცა კლინიკა 24საათიანი რეჟიმით მუშაობდა, მას ერთი დღე არ უმუშავია კოვიდ პაციენტებთან.
"სამწუხაროდ, ექთანი ნინო კვაჭაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გათავისუფლებულია უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა მისი მხრიდან პაციენტების უყურადღებოდ მიტოვებაში. ეს არ იყო პირველი დისციპლინარული უხეში გადაცდომა, რომელიც გახდა საფუძველი მისი კლინიკიდან გათავისუფლებისა, კერძოდ: მას 2015 წლიდან ჰქონდა არაერთხელ მიღებული სიტყვიერი გაფრთხილება. მის მიმართ განთავისუფლებამდე გამოყენებულია ხუთი დისციპლინარული ღონისძიება - გაფრთხილება და საყვედურები. ასევე, დაფიქსირებულია თერაპია-კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა ინტენსიური თერაპიის ექთან ნინო კვაჭაძის სამუშაო პროცესზე ვიდეო მეთვალყურეობას, რადგან აღნიშნული ექთანი არაერთგზის შემჩნეული იყო პაციენტებთან და თანამშრომლებთან კონფლიქტში, ექიმის მიერ მიცემული მითითებების შეუსრულებლობაში, რაც პირდაპირ გამოიხატებოდა პაციენტის მოვლის ხარისხზე. იგი მუდმივად აგვიანებდა სამსახურში და ასევე აღინიშნებოდა სხვა ფაქტები, რომელიც დასტურდება მოხსენებითი ბარათებითა და პაციენტების საჩივრებით.
ექთანი ნინო კვაჭაძე პაციენტებისადმი გამოირჩეოდა უხეში, უტაქტო და გულგრილი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი დროულად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს პაციენტის კვების, ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ, რაც მთავარია არ ასრულებდა ექიმის მითითებას და სასიცოცხლო მედიკამენტების მიცემას პაციენტისთვის, რაც ცალსახად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და არ შესრულებამ შესაძლოა დააყენოს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და სიკვდილი..
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ექთანი ნინო კვაჭაძის მომსახურებით უკმაყოფილო იყო არა ერთი პაციენტი, მათ შორის მოქალაქე ლ. ტ.-ძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ექთანი მისდამი გამოირჩეოდა უხეში დამოკიდებულებით, ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით, დროულად არ გაუკეთა შესაბამისი კვლევას და მედიკამენტს. ასევე, უყურადღებობა გამოიჩინა პაციენტ ვ. მ.- ის მიმართ, რამაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება...
ექთანი ვალდებულია მკურნალ ექიმს ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს დაუყოვნებლივ მოახსენოს ინფორმაცია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აღსანიშნავია ორივე პაციენტის შემთხვევაში ის, რომ ექთან ნინო კვაჭაძეს მორიგეობის დროს ეძინა. კლინიკაში დამტკიცებული უფლება-მოვალეობების ბრძანების შესაბამისად ექთანს აკრძალული აქვს პაციენტებთან ერთად ერთ პალატაში ძილი, თანაც საუბარია ინტენსიური პალატის პაციენტებზე.
ექთნის მოვალეობაში შედის დროულად და სწორად შეასრულოს ექიმის დანიშნულება ასევე, ვალდებულია ხარჯვის ჟურნალში აღწეროს გახარჯული მედიკამენტები. 2016 წლის 16 სექტემბერს ქალბატონმა ნინო კვაჭაძემ ინტენსიურ პალატაში მორიგეობის დროს არ ჩაწერა მედიკამენტი შესაბამის ჟურნალში, რამაც გამოიწვია კლინიკის ფინანსური ზიანი.
კლინიკის შინაგანაწესით, საშუალო სამედიცინო მედპერსონალის სამუშაო საათები იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ, ინფორმირებულია კლინიკის ყველა თანამშრომელი, თუმცაღა, ნინო კვაჭაძე სისტემატურად აგვიანებდა სამსახურში, ან ადრე ტოვებდა კლინიკას. აღნიშნული შესახებ, შესაბამისი სიტყვიერი თუ სხვა სახის გაფრთხილება და მითითება არაერთხელ მიეცა მას.
რაც შეეხება ექთან ნინო კვაჭაძის ურთიერთობას, კოლეგებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი ნინო კვაჭაძის პაციენტებისადმი მომსახურების ხარისხის საკითხი, ასევე კოლეგებისადმი დამოკიდებულება. იგი არ ითვალისწინებდა არც განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელის, არც უფროსი ექთნის და მისი ზემდგომი მთავარი ექთნის მითითებებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კლინიკა კეთილგანწყობილი იყო მისდამი, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ რიგი შემთხვევის დროს, შემოვიფარგლებოდით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით. ვითვალისწინებდით მის ფინანსურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ შეუძლებელია თვალი დახუჭო ისეთ რამეზე, რასაც პაციენტის სიცოცხლის ხელყოფა ჰქვია.
პანდემიის პირობებში ჩვენი კლინიკა პირველი დღიდან ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ ექთნების მკვეთრი დეფიციტის მიუხედავად, ექთან ნინი კვაჭაძეს არცერთი დღე არ უმუშავია კოვიდ პაციენტებთან, რაც მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე.
სწორედაც, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის მიმართულების ინტენსიურ პალატაში მოთავსებულია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები და ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ ზედამხედველობას სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლის მხრიდან. ამ რგოლში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექთნის როლი. სამწუხაროდ, ექთანი ნინო კვაჭაძე ვერ ასრულებდა სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რასაც მოწმობს არაერთი დოკუმენტი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრედოა, პაციენტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა,"- წერია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კლინიკა, თვლის რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ექთანმა, ნინო კვაჭაძემ შრომითი დავა მიუგო, გამოიწვევს პაციენტის განსაცდელში მიტოვებას და პაციენტის საუკეთესო ინტერესების დარღვევას. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.