27 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით, რეგიონის 14 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა, უკვე მერამდენედ, ფაქტები ამარცხებენ აღქმებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონის 14 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი. საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის. ის უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, უსწრებს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას, უსწრებს ნატო-ს წევრ ხუთ ქვეყანას.
აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას). კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა ქვეყანას და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანას.

უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.

ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა – საქართველო, დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას – ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აწია ხელი თანხმობის ნიშნად.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება: ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას; კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით; კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვრივალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები)," – წერს შალვა პაპუაშვილი.​

დღის ამბები