"ყველა ფიქრობს, რომ ომი მხოლოდ მოლდოველების, ქართველებისა და უკრაინელების პრობლემაა, და ეს მათ არ შეეხება," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის აგრესია ნაციზმს შეადარა და თქვა, რომ ადრე თუ გვიან ის სხვა ქვეყნებამდეც მივა.
"ყოველწლიურად, ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის ნაცისტური ოკუპაციისგან განთავისუფლებას. ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება.
ახალ დღეს ახალი ბოროტება მოაქვს. ყველაფერი წამებში ხდება. სწორედ იმ წამს, როცა მსოფლიო ვერ ამჩნევს. როცა ზოგს სძინავს, ზოგს კი არ აინტერესებს. საბოლოო ჯამში კი ყველა დუმს.
ისინი ერთნაირად ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში - ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში - ეს ხომ ქართველების პრობლემაა. სადღაც ყირიმში ან დონბასში - ეს უკრაინელების პრობლემაა. ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ მოგვაკითხავენ.
სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ეს ყველას სადარდებელი გახდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით მოვიდეს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.