27 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში დასრულებულია - ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში დასრულებულია. ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამაშ ვარგამ პირადად გამოაცილა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა არაერთი შეხვედრა გამართა. მას უნგრელმა კოლეგამ ვიქტორ ორბანმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა, შემდეგ კი პრემიერებსა და დელეგაციის წევრებს შორის, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ძირითადი საკითხები, რაზეც შეხვედრების მიმდინარეობისას იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ არის გაზრდილი.

ვიზიტისას ასევე გაირკვა, რომ უნგრეთი გეგმავს ელექტროენერგია მიიღოს აზერბაიჯანიდან და ამ შემთხვევაში საქართველო დერეფნის ფუნქციას შეასრულებს. ახალი ინიციატივების განსახორციელებლად, მომავალ წელს თბილისში ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ვიქტორ ორბანმა ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. ღიად თქვა, ისიც რომ გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციულია.. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას ამ პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის სწრაფ ვადაში მისაღებად მაქსიმუმი გაკეთდება.

დღის ამბები