27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ მუქარით ერთ-ერთ ბინაში შეღწევას ცდილობდა - "კურიერმა" სადარბაზოში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა

მუქარა და შანტაჟი არასრულწლოვნის მიმართ - სწორედ ამ გზით ცდილობდა 26 წლის მამაკაცი თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ბინაში შეღწევას. როგორ აღმოჩნდა ის კარგად დაცული კორპუსის სადარბაზოში და რა მოტივით ცდილობდა მე-15 სართულზე მდებარე ბინაში მოხვედრას, სადაც მარტო 10 წლის ბავშვი მარტო იმყოფებოდა. მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში არასრულწლოვანს კარის შემტვრევით ემუქრებოდა.

სადარბაზო მან მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ბავშვმა მშობლებთან დარეკა. დღეს "კურიერმა" სადარბაზოში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს როგორ შედის და შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს სავარაუდო დამნაშავე.

მომხდარის შესახებ პოლიციამ გამოკითხა ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათ ხმაური არ გაუგიათ და არც საეჭვო პირი დაუნახავთ. მეზობლების ნაწილი ყვება, რომ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო მუქარის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს.

ის, რაც მეზობლებმა ვერ ნახეს, დააფიქსირა პერიმეტრზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა. სწორედ ამ ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ გახდა შესაძლებელი სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება. ის თბილისში მცხოვრები 26 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. "კურიერი" დღეს ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა, თუმცა სახლში არავინ დაგვხვდა. მეზობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა.

დაკავებული უკვე გადაიყვანეს იზოლატორში. მას არასრულწლოვნის მიმართ მუქარას ედავებიან. უცნობია რა მიზნით ცდილობდა 26 წლის მამაკაცი უცხო ბინაში შესვლას. დანაშაულის მოტივის დასადგენად გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები