27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"ლელოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება მიუღებელი გახდა - როგორ უყურებენ პარტიები ძალთა გადანაწილებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ერთობის ჩამოყალიბების მზაობა ამ დროისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში" არ არსებობს, თუმცა ამ პარტიაში კოლეგა პოლიტიკურ ძალებს შეახსენებენ, რომ პატარა პარტიებისთვის მათთან თანამშრომლობას ზიანზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

შეფასებები პოლიტიკურ ძალებში "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოზიციას მოჰყვა, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალასთან მომავალში რაიმე გაერთიანებას შეცდომას უწოდებს. პარტიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლო არჩევნების დროს გაერთიანება გამარჯვების ფორმულად მიაჩნდათ ამ შესაძლებლობას ახლა სკეპტიკურად უყურებენ.

"ლელოს" ლიდერმა მისი და მისი პარტიის დამოკიდებულებაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში "ღამის კურიერში" ისაუბრა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლოდ გაერთიანება პოლიტიკური ძალების ნაცვლად მმართველი პარტიის ინტერესს მოემსახურება. ლიდერის პოზიციას "ლელოს" წევრებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას ახლა არა "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანებული ძალები, არამედ სხვა ალტერნატივა სჭირდება.

ახალი ოპოზიციური გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს სტრატეგია აღმაშენებელმა, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ, თუმცა ამ ეტაპზე მათი რიგებს არავინ შემატებია. სამეული კარს ყველა პოლიტიკური ძალისთვის ღიას ტოვებს და იმედს იტოვებს, რომ კოლეგა პარტიები პოზიციას დროულად ჩამოაყალიბებენ.

ოპოზიციის უმრავლესობისთვის ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას შეთავაზება მიმზიდველი არ არის. როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ამ და სხვა შესაძლო გაერთიანებებს უნდობლობას უცხადებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პრიორიტეტი საკუთარი პარტიის გაძლიერებაა უფროა, ნაწილს კი კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან წარსული გამოცდილება აფიქრებს.

ოპოზიციაში არსებული მდგომარეობას "ქართული ოცნება" უნდობლობით ხსნის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ერთმანეთის მიმართ ნდობის არ არსებობაა.

პოლიტიკური განაცხადი ამ ეტაპზე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს გაკეთებული და უმრავლესობა ამ ეტაპზე 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ინდივიდუალურ რეჟიმში გეგმავს.

დღის ამბები