ფინანსური მაქინაციებით მითვისებული ბიუჯეტის ფული გორის მუნიციპალიტეტში - გორის პროკურატურამ კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს 5 წლის წინ მომხდარ ფაქტებზე ბრალი წაუყენა.
თაღლითური სქემის მთავარი ავტორი ქალაქის საკრებულოს წევრი დავით წეწვაძე აღმოჩნდა. გამოძიებით დადგენილია, რომ მან 2017 წელს კულტურის ცენტრის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ვლადიმერ შუღლიაშვილს, ნაცნობი პირი შტატგარეშე თანამშრომლად გააფორმებინა, ხელფასსა და პრემიებს კი თავად იღებდა.
6 თვის შრომის ანაზღაურება და ორი პრემია - საუბარია ათასობით ლარზე, თუმცა დავით წეწვაძის დანაშული ამით არ ამოწურულა. როგორც გაირკვა, ის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციაშიც მონაწილეობდა. საქმეში მესამე დანაშაულიცაა - საკრებულოს წევრობიდან წეწვაძემ გორის კულტურის ცენტრის დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა, რა დროსაც მის დაქვემდებარებაში მყოფმა ბუღალტერმა 400 000 ლარამდე მიითვისა.
მიუხედავად ამ დანაშაულებისა, დავით წეწვაძე თავისუფლებაზეა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.