27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
რა შედეგებით ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთიდან - როგორ ხდება საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის მთავარი გამტარი ევროპისკენ

საქართველოსა და უნგრეთის ჰიმნები ქართული დელეგაციის წევრების პატივსაცემად გამართული ცერემონიის შემადგენელი ნაწილია. ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.უნგრეთის პრემიერმა სტუმრებს ბუდაპეშტის ხედები დაათვალიერებინა, შემდეგ კი პრემიერებსა და დელეგაციის წევრებს შორის, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები გაიმართა.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ამ შეხვედრების მიმდინარეობისას იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაცია პირველ რიგში პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. უნგრეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურ საკითხებში უნგრეთსა და საქართველოს საერთო სურვილები და ინტერესები აქვთ. ვიქტორ ორბანმა ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. ორბანმა დღეს ღიად თქვა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციულია.. თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას ამ პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება კანდიდატის სტატუსის სწრაფად მისაღებად.

უნგრეთი გეგმავს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს და ამ შემთხვევაში საქართველო დერეფნის ფუნქციას შეასრულებს. უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო არსებული ენერგეტიკული გამოწვევების მოგვარებას უნგრეთი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში აპირებს. ახალი ინიციატივების განსახორციელებლად, მომავალ წელს თბილისში ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა გაიმართება.

უნგრეთთან სხვადასხვა სფეროში სექტორული თანამშრომლობის გაფართოების მოლოდინი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი სავაჭრო, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით არსებულ დამატებით პერსპექტივაზე საუბრობს. რეგიონში არსებული უსაფრთხო გარემოს აუცილებლობაზე მსჯელობისას კი, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას მხარს ყველა პლატფორმაზე უჭერს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში გუშინ დაიწყო. ბუდაპეშტში ჩაფრენის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერმა, ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. გუშინვე ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალური ვიზიტზე პრემიერ მინისტრმა სოციალური ქსელ "ტვიტერზეც" დაწერა. მთავრობის მეთაურმა უნგრეთთან ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ოფიციალურ ბუდაპეშტს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები