ზვიად კუპრავას ბრალი გააცნეს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ ჩხუბსა და ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე. თავად საკრებულოს დეპუტატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
"მედავებიან რომ თურმე კახა ხაჩიძისთვის, რომელსაც არ ვიცნობ და არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის, გულ-მკერდის არეში დამირტყამს ხელი არჩევნების დღეს. აქ საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და არ ყოფილა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პროკურატურამ წარმოადგინოს თუნდაც ერთი კადრი, სადაც მე ვინმეს ვურტყამ გულ-მკერდის ან ნებისმიერ სხვა არეში და მე მზად ვარ დავტოვო საკრებულოს მანდატი პროკურატურის დახმარების და ასეთი ცრუ ბრალდების გარეშე," - ამბობს კუპრავა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია გამოძიება ობიექტურად წარიმართება და უდანაშაულო ადამიანი პასუხიგებაში ვერ მიეცემა.
"კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც, ბატონი ზვიადიც, თქვენც და ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე. ეს არის ის, რაც ახლა შემიძლია გითხრათ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ვერცერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ბრალი არ მიუძღვის კანონის წინაშე, ვერ აღმოჩნდება ვერანაირად საპატიმროში და ვერ მიეცემა პასუხისგებაში. ასეთი რამ ამ ქვეყანაში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არ მომხდარა," - თქვა ცაგარეიშვილმა.
ავტორი : სანდრო სანაია