27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებს ექნებათ მომავალ წელს ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა საქართველოში. მანამდე კი იქნება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს.

საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს

ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან  წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა.

მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები