27 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
პირი, რომელიც 10 წლის ბავშვს დანის მუქარით სახლის კარის გაღებას აიძულებდა, დააკავეს - ფაქტის შესახებ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა

პოლიციამ  1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა არასრულწლოვანის დამ. პოსტი ქრისტი ქორიძემ 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

"მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ ! და გააზიაროთ !

ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო, დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო, ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო

- ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო  (ბევრი მსგავსი ქვე-ტექსტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ . როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რო ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და  უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა, აი მანდ გადავრჩით, როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო. მინდა გითხრათ რომ ჯერ პოლიციას არ უპოვნია და უგზო-უკლოდ დაეხეტება! ვერ აგიღწერთ ეს რამხელა შიში იყო, როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი, როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო პარალელურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია, საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს რომ ვიპოვით!

ბავშვი იძახდა. რომ ტიკ-ტოკზე გავრცელებულია ინფორმაცია. სადაც აფიშირებენ რომ 28 ოქტომბერს შავი ბაზარი იხსნება და ბავშვებს იტაცებენ. ყურად არ მიმიღია, არ ვიცი, ეს მისი შიშის წინათგრძნობა იყო, თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან, მაგრამ მინდოდა რომ მაინც აღმენიშნა," - წერდა ქრისტი ქორიძე.

 

დღის ამბები