ავდეევკასთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, იქ რუსული მეთაურობის სიგიჟე ყველაზე კარგად ჩანს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები ყოველდღიურად ხალხს სიკვდილისკენ მიერეკებიან.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, რადგან მათ ლუჰანსკის ოლქში, ტერიტორიების გათავისუფლება მოახერხეს. ზელენსკიმ საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთი ტერორის სახელმწიფოდ უნდა აღიაროს.
"მადლობა 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლებს ლუჰანსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისას გამოვლენილი სიმამაცისთვის. დღის განმავლობაში საჰაერო განგაში რამდენჯერმე ისმოდა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. საჰაერო ძალებს აქვთ შედეგები: ჩამოგდებულია დამპყრობლების მორიგი ვერტმფრენი, მორიგი დრონები. ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენების საერთო რაოდენობა უკვე 250-ს უახლოვდება. რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაკარგეს იმდენი საავიაციო და სხვა სახის ტექნიკა, რამდენიც მსოფლიოს ქვეყნების არმიების უმეტესობას არც კი გააჩნია და არასდროს ექნება. რუსეთი ვერ შეძლებს ამ დანაკარგების აღდგენას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.