2023 წლის ზაფხულში საქართველო მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყნის სამ ქალაქში ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი ჩატარდება. მომავალი ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სპორტული მიმართულებით. რეკონსტრუქცია მიმდინარეობს თბილისში მიხეილ მესხის და ქუთაისში მდებარე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონებზე. მოედნის საფარი განახლდება "დინამო არენაზე", ერთადერთი სტადიონი, რომელიც ამ ეტაპზე აბსოლუტურად მზად არის ევროპირველობისთვის "ბათუმი არენაა".
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების დამარცხებას შეეცდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას "დინამო არენაზე" გამართავს. პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 21 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ქართველ გულშემატკივარს მომავალ თამაშებზე ინგლისის, გერმანიის, ჩეხეთისა და ისრაელის ნაკრებების ხილვაც შეეძლება. ჩემპიონატში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილია 4 მატჩი, ერთი მეოთხედფინალი და A ჯგუფის 3 თამაში. ქუთაისში მდებარე "რამაზ შენგელიას სტადიონზე" C ჯგუფის 3 შეხვედრა და ერთი მეოთხედფინალი გაიმართება. "ბათუმი არენა" კი C ჯგუფის 3 მატჩს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 8 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი