27 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მმართველი გუნდი ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ბოლო ევროპულ ვოიაჟს აფასებს - სახელისუფლებო პარტია მათ რუსული ინტერესების გატარებაშიც ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ბოლო ევროპულ ვოიაჟს აფასებს. საუბარია ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე, რომლის დასრულების შემდეგაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. სახელისუფლებო პარტიამ დღეს ოპოზიციის ნაწილი რუსული ინტერესების გატარებაშიც დაადანაშაულა. ლიდერების აზრით, ოპონენტების უმრავლესობა მზადაა, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ვიწროპარტიული მისწრაფებები დააყენოს.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე დღეს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. გიორგი ვაშაძე, რომელიც რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში არ მონაწილეობს ამბობს, რომ ხელისუფლებას ევრო რეკომენდაციების გათვალისწინება არ უნდა. ვაშაძე არ განმარტავს კონკრეტულად ვის შეხვდა და კერძოდ ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია ბრიუსელში.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიურ მოლოდინებზე კურიერთან ზურაბ ჯაფარიძემაც ისაუბრა. გირჩი მეტი თავისუფლების თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის შესახებ ევროსტრუქტურების დერეფნებსა და ოთახებში უთხრეს. ჯაფარიძის თქმით, პარტნიორებს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების არ სჯერათ,

ყველზე მწვავედ ზურაბ ჯაფარიძე დღეს ყოფილმა თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს. გირჩის აზრით, ვაშაძე-ჯაფარიძის მხრიდან ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესის კრიტიკა უადგილოა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპელების მოწოდების მიუხედავად ისინი სამუშაო ჯგუფებში არ ერთვებიან.

ოპოზიციის ნაწილის სკეპტიკური განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გააკრიტიკეს. კანონმდებლების აზრით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯებს, არა სახელმწიფოს, არამედ მმართველი პარტიის წარმატებად აღიქვამს. რის გამოც მზადაა, პროცესის შესაფერხებლად, ლობისტებთან ერთად ქვეყნის დისკრედიტირება თავადვე მოახდინოს.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საკანონმდებლო ორგანო უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. პარლამენტი ყველა მითითების საკანონმდებლო იმპლემენტაციას წლის ბოლომდე გეგმავს.

დღის ამბები