27 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა შინაურ ბინადარ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან.

შეხვედრის მიზანი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის ფარგლებში კანონპროექტის მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი სისტემური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის წარდგენა იყო.

შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში და ამას იაზრებენ როგორც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ისე შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობით დაინტერესებული პირები. შესაბამისად, კომიტეტის აქტიური მუშაობა ამ საკითხზე მიზნად ისახავს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის ისეთ ეტაპამდე მიყვანას, რომელიც საჯაროდ გაზიარების შემდგომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს კანონპროექტის სამუშაო ვერსიით განსაზღვრულ მიდგომებზე მსჯელობის და დასაბუთებული მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა არა ერთი მცდარი ინფორმაცია, თითქოს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მალავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და ამასთან, ამავე კანონპროექტით ადგენს დებულებებს, რომლებიც შინაურ ბინადარ ცხოველთა მასობრივ ევთანაზიას ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნად ისახავს დაწყებული მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას და არ აქვს კავშირი ცხოველთა უფლებების დაცვასთან.

დასანანია, რომ შეხვედრის შესახებ სიუჟეტების მომზადებისას, იქ სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რესპოდენტები, მედია საშუალების მიერ არ მომხდარა კომიტეტთან კომუნიკაცია მათი სატელევიზიო ეთერების მეშვეობით გაჟღერებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით. ბუნებრივია, საკითხის ცალმხრივ, დამახინჯებულ გაშუქებას შედეგად მოყვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

კომიტეტი გმობს ყველა იმ ადამიანის განცხადებას, ვინც უპირისპირდება საქართველოს პარლამენტში დაწყებულ უმნიშვნელოვანეს კონსტრუქციულ პროცესს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვის ხარისხს და უზრუნველყოფს მათ ჰარმონიულ და უსაფრთხო გარემოში თანაცხოვრებას ადამიანებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ პროცესი მხოლოდ ახლახან დაიწყო და ნებისმიერი აპელირება იმის თაობაზე, რომ რომელიმე დაინტერესებული პირი მის მიღმა დარჩა, არის სიცრუე. კომიტეტის ინტერესია კანონპროექტის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს როგორც შეხვედრის თაობაზე ინფორმაციის ადრეული განთავსება პარლამენტის ვებ-გვერდზე, ასევე კომიტეტის ბაზაში არსებული ყველა დაინტერესებული პირის ინდივიდუალური მოწვევა შეხვედრაზე.

დღის ამბები