კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა.
ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა თამთა კაჭკაჭიშვილმა და აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა შოთა ხორავამ გახსნეს.
მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა მუსტაფა ფერატიმ.
მსმენელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.
საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - "კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.
მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა კახეთსა და იმერეთში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.